სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3.9 მილიონ ლარზე მეტი ზიანის მიყენების ფაქტზე რვა პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე რვა პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს, რომლის ფარგლებშიც დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს „ნამორა 2021“, შპს „თბილი კერა“, შპს „ოლიმპუს 1988“, შპს „რამინა 22“, შპს „ნამორა“, შპს „კუბიკი“, შპს „რანდა 2023“, შპს „ზაზა 2022“ და შპს „ევი 2022“.
დადგენილია, რომ აღნიშნული კომპანიების მეშვეობით 2021–2024 წლებში სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი, ჯამში 102 მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალის ტრანსპორტირება და შემდგომი რეალიზაცია.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხის მასალის რეალიზაციისას ორგანიზებული ჯგუფის წევრები დღგ-ის დეკლარაციებში ყალბ მონაცემებს უთითებდნენ, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით — 3 926 261 ლარის ზიანი მიადგა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205¹ მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით. ასევე ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ზრდა.