საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფონდში იქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც შეისწავლის იმ დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს.
საპენსიო ფონდი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, შესაბამისი განცხადებით მიმართონ ფონდს. დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილი განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია განხილული იქნება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
ფონდში განმარტავენ, რომ აღნიშნული მექანიზმის მიზანია წარმოდგენილი საკითხების დეტალური შესწავლა და თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით განხილვა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს საპენსიო ფონდს.