პარლამენტმა მიგრაციის მართვისა და უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის რეგულირების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერება და უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

ცვლილებების თანახმად, უცხოელი სტუდენტების მიღებისთვის უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დამატებითი მოთხოვნები წესდება. მათ შორის, აუცილებელი იქნება ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული უცხო ენის ან სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება. მიზანია გამოირიცხოს შემთხვევები, როდესაც სტუდენტი უცხოენოვან პროგრამაზე ირიცხება შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის გარეშე.

საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაევალებათ უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო სისტემაში ასახვა, ხოლო აღრიცხვის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება. სანქციად შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც ჯარიმა, ისე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე არეგულირებს სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასეთი ნებართვა მხოლოდ სრულწლოვან პირზე გაიცემა და მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შემთხვევაში. ამასთან, განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის გაუქმების საფუძვლებიც, მათ შორის აკადემიური მოთხოვნების შეუსრულებლობის, შრომითი საქმიანობის პირობების დარღვევისა და კანონით განსაზღვრული ვადით საქართველოში ფაქტობრივად არყოფნის შემთხვევაში.

ცვლილებები შეეხება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხსაც. შემოდის ბინადრობის ახალი კატეგორია – „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა“, რომლის გაცემამდე ქორწინების ნამდვილობა სპეციალური კომისიის მიერ შემოწმდება.

ამასთან, ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან ქვეყანაში კანონიერად ყოფნის სხვა საფუძვლის მოპოვების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. კანონით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა, ასევე უცხოელის საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა ორიდან ათ წლამდე ვადით.

საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება.

ცვლილებები სასამართლო სამართალწარმოების ნაწილსაც ეხება. კერძოდ, მცირდება გასაჩივრების ვადები, განისაზღვრება საქმეთა განხილვის შემჭიდროებული პროცედურები და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის სამინისტროსთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით მომზადდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading