საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 4 იანვარს, მარნეულში, საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა შეკვეთით და განსაკუთრებული სისასტიკით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამა-შვილს მძიმე დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მეორის სიცოცხლე დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.
ბრალდებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი შეკვეთითა და განსაკუთრებული სისასტიკით), ასევე 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).
აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.