საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან ერთად დაესწრო საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში
საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად.
საშობაო ლიტურგიას ასევე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე მოისმინა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„მინდა თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს მივულოცო ქრისტეს შობის დღესასწაული. განსაკუთრებით ვულოცავ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკლესიას და მივულოცო მის უწმინდესობას, ჩვენს პატრიარქს. მადლიერებას გამოვხატავ იმისთვის, რომ ჩვენს ერში ასე მტკიცედ და მყარად არის ჩვენი სარწმუნოება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.