ქვემო ქართლი მსოფლიო სამეცნიერო ყურადღების ცენტრში
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა უახლესი მულტიდისციპლინური კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომლის თანახმად, საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელ და უძველეს კერად ოფიციალურად დადასტურდა.
კვლევა, რომელიც აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა, ეფუძნება ქვემო ქართლში, გადაჭრილ და შულავერის გორებზე აღმოჩენილ 8 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალას. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ჩატარებული ლაბორატორიული დათარიღებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ნიმუშები პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველესი ფიზიკური მტკიცებულებაა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია დაესწრო. რწმუნებულმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა რეგიონში აღმოჩენილი ექსპონატების გლობალურ სამეცნიერო მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით მომუშავე საერთაშორისო ჯგუფს.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ტორონტოს უნივერსიტეტისა და „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით განხორციელდა.