დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერაში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერაში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტი „40 წყარო მაშავერა“, რომელიც უკვე დასრულებულია და სოფლის მოსახლეობას 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. ასევე დასრულდა გამრიცხველიანების პროცესიც.


ილია ჯალაღანიამ და კობა მურადაშვილმა ყურადღება გაამახვილეს სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ მაშავერაში საზოგადოებრივი სივრცისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტი ითვალისწინებს სახურავის რეაბილიტაციას, კომუნიკაციების განახლებას, შენობის შიდა და გარე ფასადების მოწესრიგებას, იატაკისა და ეზოს მოწყობას.


პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 457 111 ლარს შეადგენს.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

