საქართველოს მთავრობა საერთაშორისო მნიშვნელობის გზების დაცვის ახალი სტანდარტს აწესებს
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობა აკრძალული იქნება.
ახალი რეგულაცია მომზადებულია „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე და მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის უსაფრთხო, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის სატრანსპორტო სისტემას.
კანონი შეეხება ექსპლუატაციაში არსებულ, ასევე მშენებარე ან დაგეგმილ მაგისტრალურ გზებს, მათ შორის: თბილისი–სენაკი–ლესელიძე, სენაკი–ფოთი–სარფი, თბილისი–წითელი ხიდი, თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი, მარნეული–სადახლო, თბილისის შემოსავლელი და სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთი.
მიზანია გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური და უნებართვო საქმიანობის შეზღუდვა, უსაფრთხოების რისკების მინიმიზაცია და გზების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერების საფუძველს ქმნის.