სოფელ კრწანისში სასმელი წყლის დაბინძურების საკითხზე რეგიონული განვითარების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში სასმელ წყალში ნავთობის მინარევების შერევის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს დაბინძურების გამომწვევი მიზეზები, არსებული მდგომარეობა და მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც პრობლემის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას ისახავს მიზნად.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ასევე კომპანია „ჯივიპის“, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და სოფელ კრწანისში მოქმედი ნავთობმომპოვებელი კომპანიის წარმომადგენლები.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაბინძურება სოფელ კრწანისის ტერიტორიაზე მოქმედი ნავთობმომპოვებელი კომპანია „ბლოკ ოფერეითინგ კომპანის“ გრუნტში განთავსებული ტექნიკური მილის დაზიანებამ გამოიწვია.
მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სასმელი წყლის მიწოდება შეჩერდა, ხოლო მოსახლეობის უზრუნველსაყოფად სოფელში სასმელი წყლით სავსე ცისტერნები გაიგზავნა. უწყების ინფორმაციით, კრწანისის მოსახლეობა პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე სასმელი წყლით შეუფერხებლად იქნება უზრუნველყოფილი.
მომხდარის მიზეზების დასადგენად მოკვლევა გრძელდება, ხოლო პასუხისმგებელ უწყებებსა და კომპანიებს შორის კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს.