საქართველოს პრეზიდენტმა ხორვატიის პრეზიდენტს ოფიციალურად უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ზორან მილანოვიჩს უმასპინძლა.
პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და მიმდინარე გლობალური პროცესები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს, კულტურულ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებს, რაც ურთიერთობების შემდგომი განვითარების საფუძველად შეფასდა.
როგორც აღინიშნა, პრეზიდენტების დონეზე ზორან მილანოვიჩის ვიზიტი საქართველოში პირველია და იგი დამატებით იმპულსს შესძენს ორმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა სფეროში.
მხარეებმა დაადასტურეს ურთიერთმხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ხორვატიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისადმი, ხოლო ასევე დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ხორვატიის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, დაკავშირებადობის გაუმჯობესებას და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცებას.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კურსი ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში და შუა დერეფნის გაზრდილ როლს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.
ვიზიტის დასასრულს ხორვატიის პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.