თუშეთში ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. სამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა გამთენიისას შეძლეს.
ალპურ ზონაში ბალახი იწვოდა. ხანძრის ქრობის პროცესში გამოყენებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
იმის გათვალისწინებით, რომ ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ტერიტორიაზე იყო, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. ვერტმფრენის დახმარებით, მეხანძრე-მაშველების ცეცხლის კერებთან გადაყვანა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძრის გავრცელების საფრთხე დასახლებულ პუნქტებთან არ არსებობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.