IMF: საქართველოს ეკონომიკა შთამბეჭდავ მდგრადობას აჩვენებს – მოსალოდნელია 7.2%-იანი ზრდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 21 ივლისს დაასრულა Article IV-ის ფარგლებში მიმდინარე წლის კონსულტაციები საქართველოსთან. ფონდმა დადებითად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე.
IMF-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ “შთამბეჭდავი მდგრადობა” აჩვენა, რის საფუძველზეც 2025 წლისთვის მოსალოდნელია 7.2%-იანი ეკონომიკური ზრდა. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდასთან ერთად, კლება ფიქსირდება როგორც უმუშევრობის, ასევე სიღარიბის მაჩვენებლებში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის გონივრული ფისკალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის საგარეო ვალი დაბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულზე. ასევე, საშუალოვადიან პერსპექტივაში ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-ზე დაბალია, რაც ვალის სტაბილურობას უწყობს ხელს.
სავალუტო ფონდი ასევე ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების გარდაქმნაზე, საჯარო ინვესტიციების მართვის გაუმჯობესებაზე, შემოსავლების მობილიზებისა და ხარჯვითი პროგრამების ეფექტიანობის მიმართულებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი კონსულტაციებს წევრ ქვეყნებთან ყოველწლიურად Article IV-ის ფარგლებში ატარებს, რაც კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკის საფუძვლიან შეფასებას მოიცავს.