საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი წესები ამოქმედდა
2026 წლის 1-ელი ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა.
ახალი წესის მიხედვით, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოდულიდან ყოველთვიურად შეჩერდება იმ პირების რეგისტრაცია, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად ექვსი თვის ან მეტი ვადით იმყოფებიან. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მათ პროგრამით სარგებლობისთვის ხელახალი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ.
ცვლილებების თანახმად, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები მოქალაქეთა რეგისტრაციას მხოლოდ მათი თანხმობის საფუძველზე განახორციელებენ. არასრულწლოვნების შემთხვევაში თანხმობა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა დაადასტუროს.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანია არამიზნობრივი ხარჯების შემცირება და კლინიკების დაფინანსების მექანიზმის უფრო ეფექტიანი მართვა.
„საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.
ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას“.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეფორმა არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა კომპონენტებზე, მათ შორის გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.
ამასთან, სამინისტრო ამშვიდებს ემიგრანტებს და აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხელახლა დარეგისტრირდეს ამბულატორიაში და სრულად მიიღოს კუთვნილი სახელმწიფო მომსახურება.”- ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.