საქართველოს საბანკო ასოციაცია კიბერთაღლითობის ახალ სქემებზე მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია მოსახლეობას კიბერთაღლითობის ახალი სქემების შესახებ აფრთხილებს.
უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში ფიქსირდება რამდენიმე მეთოდი, რომლის მიზანიც მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და ფინანსური ინფორმაციის მოტყუებით მოპოვებაა.
ერთ-ერთი სქემა გულისხმობს WhatsApp-ის ან სხვა აპლიკაციის მეშვეობით ნაცნობი პირის სახელით ყალბი შეტყობინების გაგზავნას, სადაც მომხმარებელს ბმულზე გადასვლა და საბარათე მონაცემების შეყვანა ეთხოვება. შედეგად, თაღლითები ანგარიშებზე წვდომას იღებენ.
მეორე სქემის მიხედვით, ელფოსტით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები, თითქოს ფინანსური ინსტიტუტები მონაცემების განახლებას ითხოვენ, რაც ასევე პირადი ინფორმაციის მოტყუებით მოპოვებას ემსახურება.
ასოციაცია მოქალაქეებს მოუწოდებს:
- არ ენდონ მხოლოდ შეტყობინებებს და გადაამოწმონ მოთხოვნები სხვა არხებით
- არ შეიყვანონ საბანკო მონაცემები უცნობ ბმულებზე
- განაახლონ მოწყობილობები და გააქტიურონ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია
- საეჭვო შემთხვევისას დაუყოვნებლივ შეცვალონ პაროლები და დაბლოკონ ბარათები
მათი განცხადებით, რამდენიმე წუთიანი გადამოწმებაც კი შეიძლება ფინანსური ზარალის თავიდან აცილებაში გადამწყვეტი იყოს.