საგანმანათლებლო სექტორში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება
საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის მე-18 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
ქართულ-აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე დეტალური პასუხები მიიღეს. კერძოდ, სკოლის მოსწავლეებმა, GCCA-ის წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილეს – რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინონ ადგილზე და ონლაინ ყიდვის დროს, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ. ასევე, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, რა არის კონკურენცია, რას უწყობს ხელს და როგორ იცავს კონკურენციის კანონი მომხმარებელს.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
#GCCAსაქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო



