რუსთავში ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე გაიხსნა

ქალაქ რუსთავში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, მრავალფუნქციური ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე – ინოვაციური ჰაბი ამოქმედდა, რომელიც ქალაქის ციფრული ტრანსფორმაციისა და ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

🎤 გახსნის მონაწილეობა მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდებისთვის ინოვაციური და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

📌 პროექტის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გუნდთან ერთად წარადგინა. როგორც აღინიშნა, სივრცე სამ ძირითად კომპონენტს აერთიანებს:

- მუნიციპალური სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია – სმარტ ქალაქის კონცეფციის ფარგლებში იგეგმება ციფრული პლატფორმებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ურბანულ მართვაში, ელექტრონული სისტემების განვითარება, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების ციფრული მონიტორინგი, გარემოსდაცვითი და ენერგოეფექტურობის პროცესების გაუმჯობესება.
- საგანმანათლებლო ცენტრი – სივრცე ახალგაზრდებს ინტერაქციული და პრაქტიკული სწავლების მეთოდებზე დაფუძნებული პროგრამებით მოემსახურება, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნისა და უნარების განვითარებას.
- საერთო სამუშაო ზონა – ინკლუზიური სამუშაო გარემო თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი და მოიცავს სასწავლო დარბაზებს, დასასვენებელ სივრცესა და ციფრულ ბიბლიოთეკას.

📅 ახალგაზრდების ძირითადი ნაკადი სივრცეში სექტემბრიდან მიიღება, თუმცა აგვისტოში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ AI ტრენინგ კურსებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებში, რომელიც პარტნიორ ორგანიზაცია Nebula AI Hub-თან თანამშრომლობით ტარდება.

🔷 რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე ერთდროულად ემსახურება ქალაქის ციფრული მართვის გაუმჯობესებას და ახალგაზრდებისთვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას.
