რა ჩვენება მისცა ტრაილერის მძღოლმა, რომელმაც უკრაინიდან სააკაშვილი ჩამოიყვანა
ცომაიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოყვანა მას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, უკრაინაში მყოფმა გია ლორთქიფანიძემ სთხოვა, რომელიც მან ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო, როცა თავად ცომაიამ მას კონკრეტულ საკითხში დახმარება სთხოვა.
,,გია ლორთქიფანიძემ]თუ შეძლებ მიხეილ სააკაშვილის დახმარებას, საქართველოში გადაყვანასო, მითხრა, დავთანხმდი. მანქანით, მეტი რით უნდა გადმომეყვანა.
ოდესაში რომ ჩავედი, ერთმანეთს შევეხმიანეთ[ლორთქიფანიძე და ცომაია], არ მისული პორტამდე, მიშა მანქანით მოვიდა და ჩემს მანქანაში გადმოვსვი, რაღაც შავი მანქანით იყო, მძღოლს იურა ერქვა. ჩემს მანქანას საწოლი აქვს, მიშა ზემოთ ავიდა და პორტში ჩვეულებრივად შემოვედით, დათვალიერება გავიარეთ და გემზე ავედით, საქართველოს მიმართულებით წამოვედით. საქართველოში როცა შემოვდიოდით, უკანა კარები გავუღე, მაცივარს ვგულისხმობ.
პირველ რიგში, ფოთამდე უნდა ჩამეყვანა, მითხრეს, რომ ვიღაც დახვდებოდა. კაციშვილი რომ არ დახვდა, აბაშაში მაქვს სახლი და წავიდეთ-მეთქი, ვუთხარი. სააკაშვილი წოწორიების მანქანაში გადაჯდა.
ხაშურს რომ გამოვცდი, მომწერეს, მიხედეო. სად წამეყვანა? როგორც ადამიანი, თქვენ დატოვებდით ქუჩაში? წამოვიყვანე სანზონაში.
მე ხომ არ ვკითხავდი, რატომ არ დაგხვდნენო, ტელეფონი ეკავა ხელში, ხან წერდა… საჭმელი ვიყიდეთ, ვჭამეთ, ჩემთვის არავის დაურეკავს და მიშას ვინ ურეკავდა, არ ვიცი. მეორე დღეს, საწვავს ვასხამდი მანქანაში, ისე გამაჩერა პოლიციამ, სახლში ვინ გყავსო, ხომ არ ვეტყოდი. სახლში ამიყვანეს, ჩემს მისვლამდე პოლიციით იყო სავსე. მერე არც მინახავს მიშა, სად ვნახავდი”,- განაცხადა ცომაიამ.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 3 პირს – ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს წარედგინათ.