ბოლნისში ენერგომომარაგების გაუმჯობესებისთვის 65 ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ენერგომომარაგების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი მოძველებულია, რაც ავარიული გათიშვების რისკს ზრდის, განსაკუთრებით უამინდობის პირობებში.
მხარეებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში 65 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სამუშაოები მოიცავს ელექტროგადამცემი ხაზების, საყრდენების და ქვესადგურების განახლებას როგორც ქალაქში, ისე სოფლებში.
უკვე დაწყებულია გარკვეული სამუშაოები და პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის უწყვეტი და ხარისხიანი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა.