ზამურ ჭითანავა ბოლნისში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“-ის საველე კომპონენტს დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, დაესწრო ქალაქ ბოლნისში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“-ის საველე კომპონენტს. სწავლება სიმულაციური სცენარით ჩატარდა, სადაც წყალმოვარდნის სალიკვიდაციო სამუშაოები და რეიდი იმიტირებული იყო. მასში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის მე-20 ბრიგადის ქვედანაყოფები, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედროები, შსს საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დანაყოფები, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
„დიდგორი 2025“-ის მიზანია კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების გაუმჯობესება. ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ვაშაყმაძემ, მერს წარმატებული თანამშრომლობისთვის ბრიგადის სახელობითი კოინი გადასცა.