პრემიერის განმარტებით, უნივერსიტეტებში მიღება ახალი მოდელით სექტემბრიდან დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განათლების რეფორმის პირველ ეტაპზე, რომელიც სექტემბრამდე უნდა განხორციელდეს, კანონმდებლობის გადახედვა, შრომის ბაზრის ანალიზი და უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად იგეგმება.

კობახიძის განმარტებით, ზოგი მნიშვნელოვანი ამოცანა, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, სახელმძღვანელოების მომზადება და ხარისხის მართვის სისტემის დახვეწა, 4-5 წლის ვადაში დასრულდება.

„რეფორმის განხორციელების ვადებთან და ეტაპებთან დაკავშირებით, გამოვყოფდი ორ ფაზას. პირველი, რაც მომავალ აკადემიურ წლამდე, სექტემბრამდე უნდა შესრულდეს. კანონმდებლობის გადახედვა უნდა მოესწროს მანამდე. ასევე, შრომის ბაზრის ანალიზი უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა დასრულდეს, დაწყებულია უკვე მუშაობა. უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, სექტემბრიდან და ამ თვეებში უნდა მომზადდეს ამისათვის პირობები. ასევე, უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი. აქ მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ, არსებული დაფინანსების, საგრანტო მოდელით გააგრძელებენ სწავლას. მათი მდგომარეობა არ შეიცვლება. ყველა შეძლებს დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა.

როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში.

მეორე ფაზა, დაახლოებით, 4-5 წელიწადია. 4 წელიწადში ვფიქრობ, რომ არსებითად მოსწრებადია შესაბამისი ამოცანების შესრულება. ეს არის ახალი ინფრასტრუქტურების შექმნა. ეს არის ყველაზე შრომატევადი საქმე, რაც დროს მოითხოვს. კიდევ ერთხელ, პირველ რიგში, გვინდა, რომ შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რუსთავს შორის და ქუთაისში. ასევე, საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება, დაიწყება ახლავე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია დასრულდეს, დაახლოებით, 4 წელიწადში.

3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა, ასევე, 4 წელიწადში, თუმცა აქაც, მანამდე დავიწყებთ სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დასჭირდება. რა თქმა უნდა, აქაც აქედანვეა მუშაობა დასაწყები, თუმცა ალბათ, თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელიწადი იქნება საჭირო. რაც შეეხება პროგრამების დახვეწასა და სახელმძღვანელოების შექმნას, აქაც ვფიქრობთ, რომ 4 წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ცვლილებები არ შეეხება უკვე არსებული სტუდენტების დაფინანსების პირობებს და ისინი შეძლებენ მიმდინარე უნივერსიტეტებში სწავლას არსებული მოდელით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading