ბელგიაში ეროვნული გაფიცვის ფარგლებში ფრენების უმეტესობა შეჩერდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხდა
ბელგიაში ეროვნული გაფიცვის მესამე და დასკვნით დღეს ბრიუსელის აეროპორტში ყველა გამავალი რეისი გაუქმდა, ხოლო დაგეგმილი 203 შემომავალი რეისიდან 110 შეჩერებულია. შეფერხებით მუშაობს ქვეყნის მეორე დიდი აეროპორტი – შარლერუა, სადაც პერსონალის ნაკლებობის გამო ვერ უზრუნველყო რეისების განრიგის სრული შესრულება.
გაფიცვა, რომელსაც ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირები ორგანიზებას უწევენ, პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის კოალიციური მთავრობის საპენსიო სისტემისა და შრომითი ბაზრის რეფორმების წინააღმდეგაა მიმართული. დღეს გაფიცვას უერთდებიან სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო სექტორის თანამშრომლებიც.
მოგვიანებით ბრიუსელში დაგეგმილია საპროტესტო აქცია. მსგავსი აქცია ოქტომბერში ჩატარდა, რომელშიც დაახლოებით 80 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ბელგიის მთავრობა გეგმავს ბანკებისთვის, ავიაბილეთებისა და ბუნებრივი აირის გადასახადების გაზრდას, რაც ხარჯების შემცირებასა და 2029 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტის 9,2 მილიარდ ევროთი შემცირებას მიზნად ისახავს.