ლევან ცუცქირიძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა
დღეს ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსისა და პედაგოგის, ქართული მონუმენტური ფერწერის გამორჩეული ოსტატის – ლევან ცუცქირიძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.
ლევან ცუცქირიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ქართული კულტურისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მისი მიერ შექმნილ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კედლის მხატვრობასა და სხვა მრავალ ნამუშევარში მკაფიოდ იკვეთება ხელოვანის უნარი, ეროვნული იდენტობა მაღალი პროფესიონალიზმით გადმოსცეს. მისი შემოქმედების საერთაშორისო აღიარება ქართული სახვითი ხელოვნების უნიკალური პოტენციალის კიდევ ერთი დასტურია.
ლევან ცუცქირიძე 1926 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოლითში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და გრაფიკის ფაკულტეტი. 1960-1963 წლებში იქვე, ფერწერის კათედრაზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, ხოლო 1967-1975 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხატვის კათედრის დოცენტი იყო. 1990 წელს მას პროფესორის წოდება მიენიჭა, 1975-2005 წლებში კი თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად მუშაობდა.
1960-იანი წლების შუა პერიოდში ცუცქირიძემ შექმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, რომელთა მიხედვით პოემა ორჯერ გამოიცა გერმანიაში. მას ეკუთვნის ასევე ილუსტრაციები იაკობ ცურტაველის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე ყაზბეგისა და გრიგოლ ორბელიანის ნაწარმოებებისთვის. მისი ვრცელი პანოებით გაფორმებულია ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციული შენობა, ხოლო 1980-იანი წლების ბოლოს მან მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.
2016 წელს ლევან ცუცქირიძეს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა.