კახა კალაძე:დარწმუნებული ვარ, რომ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა, კიდევ უფრო ფართოდ გახსნის შესაძლებლობას, განმტკიცდეს და გაღრმავდეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები, გაიზარდოს თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა სფეროში და რასაკვირველია, გაამარტივებს მილანში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებას

,,სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა – მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახა კალაძის ყველა ოცნება რეალობად აქცია. იტალია იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეორე სახლად, რომლის კარსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით, უამრავი ბედნიერი დღის მოგონებით, გამარჯვების განცდით, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის სიხარულით ვაღებ. დარწმუნებული ვარ, რომ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა, კიდევ უფრო ფართოდ გახსნის შესაძლებლობას, განმტკიცდეს და გაღრმავდეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები, გაიზარდოს თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა სფეროში და რასაკვირველია, გაამარტივებს მილანში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებას. 30 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, თუმცა ვფიქრობ, გვაქვს შესაძლებლობა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. თბილისი მზადაა, გაიზიაროს ის საუკეთესო მაგალითები, რომლებიც პროექტების სახით, ამ ულამაზეს ქალაქში განხორციელდა.

სულ რამდენიმე დღის წინ, 2 ივნისს იტალიის ეროვნული დღესასწაული – რესპუბლიკის დღე აღინიშნა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეს დღე კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო იტალიას იმ მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის, რასაც საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად აკეთებს. საქართველო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის პატრიოტი საკუთარი ქვეყნის მიმართ და ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, გათვალისწინებული და დაცული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები.”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მილანში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading