თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტური ინტელექტუალური ჩემპიონატის „ბრწყინვალე გონების“ გამარჯვებული სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „WMD” დააჯილდოვა
ღონისძიების ფარგლებში, რექტორმა მოწვეული სტუმრის სტატუსით კითხვები დაუსვა ფინალში გასულ ორ გუნდს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდს „ტვინი მაინც გვაქვს Diddy” და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდს „WMD.”
ახალი სტუდენტური ინტელექტუალური ჩემპიონატი “ბრწყინვალე გონება” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.
ჩემპიონატი მიზნად ისახავს სტუდენტების ინტელექტუალური უნარების განვითარებას, გუნდური მუშაობის წახალისებასა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კულტურული გარემოს გაძლიერებას.
თსუ სტუდენტური ინტელექტუალური ჩემპიონატის „ბრწყინვალე გონების“ შესარჩევ ტურში თითო ფაკულტეტიდან 10-10 გუნდი, სულ 70 გუნდი მონაწილეობდა. შესარჩევ ტურში შვიდივე ფაკულტეტზე გამარჯვებულ გუნდებს და ფინალურ ტურში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ ფულადი პრიზი.




