დავით სონღულაშვილი თელეთის რძის საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო
„თელეთის რძის პროდუქტები“ სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა და დღესდღეობით 35 ადამიანს ასაქმებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში იმყოფებოდა, სადაც ახლად შექმნილ რძის გადამმუშავებელ საწარმოს – „თელეთის რძის პროდუქტები“ – ეწვია და ადგილზე არსებული სამუშაო პროცესი დაათვალიერა.
შპს „თელეთის რძის პროდუქტები“ სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ბენეფიციარია. საწარმო შეიქმნა სახელმწიფო პროგრამის – „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ – ფარგლებში და მის დასაფინანსებლად 350,000 ლარი გამოიყო. წარმოება დღიურად 5 ტონა რძეს გადაამუშავებს და სხვადასხვა სახეობის ყველს აწარმოებს. პროდუქცია რეალიზდება როგორც თბილისში მდებარე საწარმოს მაღაზიაში, ისე ქსელურ რესტორნებსა და სასტუმროებში.
საწარმოში ამ დროისთვის 35 ადამიანია დასაქმებული. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა ფერმერებსა და მეწარმეებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროგრამებში მონაწილეობენ.
„ბოლო წლებში აგროწარმოების ზრდა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მიზნობრივი პროექტების შედეგია. ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია შეღავათიანი ფინანსური რესურსები, თანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგიები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია ადგილებზე და საჭიროებების მოსმენა, რათა მხარდაჭერა იყოს მიზნობრივი და ეფექტიანი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე შექმნილია 281 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმო, რისთვისაც ჯამში 130 მლნ ლარზე მეტი გამოიყო. ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამით მხარდაჭერილია 21 საწარმო, ჯამში 9.6 მლნ ლარით.
- მინისტრთან ერთად თელეთში იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი.




