დავით სონღულაშვილი ბოლნისში სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ხარაბაძესთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სატყეო სამსახურის მუშაობას ადგილზე გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობასა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმზე ისაუბრა

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურში ამჟამად 81 ადამიანი მუშაობს, მათ შორის 9 მეტყევე და 42 ტყის მცველი. ვიზიტის მიზანი, მინისტრის თქმით, სწორედ მათ საქმიანობაში ჩართულობის შეფასება და საჭიროებების პირდაპირი გაცნობა იყო.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიტიკის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და მოტივაცია. ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს“, — განაცხადა დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე.

მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობას და ეროვნული სატყეო სააგენტოს თითოეული თანამშრომლის როლს ამ პროცესში. მისი თქმით, სააგენტოს ძირითადი პრიორიტეტებია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია, მართვის გეგმების მომზადება და მერქანზე კანონიერი ხელმისაწვდომობის ზრდა. აღსანიშნავია, რომ იგეგმება შეშით მომარაგების ახალი, უფრო ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა.

საგულისხმოა მინისტრის განცხადება მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის შესახებ. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ტყის არამერქნული რესურსების გონივრული გამოყენება და ეკოტურიზმის განვითარება ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი შემოსავლის წყაროებს სთავაზობს და ხელს უწყობს დასაქმებას რეგიონში.

ვიზიტს ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading