სარწყავი ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება – დავით სონღულაშვილი ხრამ არხის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრთან ერთად, მონიტორინგში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორი გიგლა თამაზაშვილი.

„აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების რაციონალურად გამოყენებისთვის აუცილებელია, ფერმერებს სარწყავ წყალზე შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ. სახელმწიფო ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რათა შეიქმნას გამართული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა. დღეს, ქვეყნის მასშტაბით, სარწყავი წყალი უკვე 165 000 ჰექტრამდე მიწას მიეწოდება, და ეს რიცხვი ეტაპობრივად იზრდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ხრამის არხის რეაბილიტაციის შემდეგ, სარწყავი წყალით ისარგებლებს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 12 სოფელი და მიმდებარე სამეწარმეო ობიექტები. ესენია: ცურტავი, ფარიზი, ყიზილაჯლო, თამარისი, წერეთელი, საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, ალგეთის მევენახეობა, ქეშალო, ამბაროვკა და ქალაქ მარნეულის შემოგარენი.

პროექტის დასრულების შედეგად, რეგიონში 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება, რაც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს, ხოლო პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4.7 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული წყალმომხმარებლებთან კომუნიკაციის და მომსახურების მექანიზმების გაუმჯობესების კუთხითაც.

ამჟამად ქვემო ქართლში სარწყავი ინფრასტრუქტურის კიდევ 4 სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება, რაც მთლიანობაში დაახლოებით 10 065 ჰექტარი მიწის ფართობის წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading