ახალი ნაბიჯი ნარკომანიის წინააღმდეგ: სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
- საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობის პროცესის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი სამედიცინო განყოფილების გახსნა, რომელიც შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე დაიწყო ფუნქციონირება.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით – ახალი განყოფილება, რომელიც სპეციალურად სავალდებულო მკურნალობისთვის არის შექმნილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ ახალი სტაციონარი ამ ეტაპზე 22 პაციენტზეა გათვლილი, თუმცა უახლოეს მომავალში საწოლფონდის ეტაპობრივი გაზრდა იგეგმება.
დაწესებულება სრულად დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში ნარკოლოგებთან ერთად სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები შედიან. მკურნალობა სრულად ეყრდნობა თანამედროვე კლინიკურ გაიდლაინებს და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.
ახალი განყოფილების გახსნა სახელმწიფოს მხრიდან ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური მიდგომის ნაწილია, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პრევენციას, არამედ მკურნალობისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ადამიანების რეაბილიტაციას.
ამასთან, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც ჯანმრთელობის დაცვის სფეროზე, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაზე.
ეს არის მორიგი ნაბიჯი ადამიანების დასახმარებლად და ჯანმრთელი საზოგადოების შექმნისკენ.




