რუსთავის ბაგა-ბაღების 600-მდე თანამშრომელი პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგს გადის
ბავშვთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა რუსთავში პრიორიტეტულია. სწორედ ამ მიზნით, რუსთავის ბაგა-ბაღებისა და სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი „კესანეს“ 600-მდე თანამშრომელი პირველადი სამედიცინო დახმარების სპეციალურ ტრენინგ-კურსს გადის.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა“ და რუსთავის მერიას შორის მაისში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ინიციატივის მთავარი მიზანია ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფა.
ტრენინგის მონაწილეები სწავლობენ გადაუდებელ სიტუაციებში სწორ და სწრაფ რეაგირებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ბავშვების, ისე პერსონალის უსაფრთხოების ხარისხს. პირველადი დახმარების ცოდნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბაგა-ბაღების გარემოში, სადაც სიფრთხილე და მომზადება ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.
მსგავსი პრაქტიკული და აუცილებელი ინიციატივები ხელს უწყობს საზოგადოებაში ჯანმრთელობის დაცვის კულტურის გაძლიერებას და ბავშვების კეთილდღეობას.