2026 წლიდან სახელმწიფო გზებზე მოდიფიცირებული ასფალტი სავალდებულო იქნება – ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე გზების მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა იყო სამინისტროს გადაწყვეტილება – 2026 წლიდან გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციაში მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენება სავალდებულო გახდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი სტანდარტი მიზნად ისახავს გზების ხარისხის გაუმჯობესებასა და სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლებას. მოდიფიცირებული ასფალტი უკეთ უძლებს ტემპერატურულ ცვალებადობასა და მექანიკურ დატვირთვებს, ამცირებს ბზარების გაჩენის რისკს და გზის ექსპლუატაციის ვადას ზრდის.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა პრეზენტაციები ასფალტო ბეტონის მოდიფიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თბილი ასფალტის უპირატესობებზე და გზის საფუძვლის ინოვაციურ რეციკლირების მეთოდებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და გზების მშენებლობაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები.