შინაგან საქმეთა მინისტრი კორპუსის ნგრევის ადგილზე: ერთია დაღუპული, ერთი დაშავებული — გრძელდება სამაშველო ოპერაცია

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ნგრევის ადგილზე იმყოფება, სადაც გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენელთა მუშაობის პროცესს.
მინისტრის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავებული გადაყვანილია სტაციონარში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.


ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევა) და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ადგილზე სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია შემოსაზღვრულია. მინისტრი სხვა ხელმძღვანელ პირებთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან და მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე რჩება.
