შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დასაქმებულ პირთა ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცა თანხმობა, იმ პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან ან ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან სხვა მაჩვენებლების მიხედვით), დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული ანაზღაურების წესი.
განკარგულება ძალაშია 1-ლი იანვრიდან და ეხება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების ტარიფებს.
დადგენილი ტარიფების მიხედვით:
- მეთვალყურის ანაზღაურება ერთ სესიაზე შეადგენს 40.25 ლარს;
- პასუხისმგებელი პირი მიიღებს 102.50 ლარს;
- გამსწორებლის ანაზღაურება განსაზღვრულია 80.53 ლარით;
- თარჯიმნები 1800 სიმბოლოზე მიიღებენ 32.95 ლარს;
- რედაქტორების ანაზღაურება 300 სიტყვაზე ასევე 32.95 ლარია;
- საპრეზენტაციო კომისიის წევრისა და თავმჯდომარის ანაზღაურება შეადგენს 252.9 ლარს – პირველ დღეს 166.4 ლარი, შემდგომ დღეებში შესაბამისი განაწილებით;
- ბრაილის სპეციალისტის დღიური ხელფასი განისაზღვრა 80.55 ლარით;
- ტექნიკოსის (მოსმენის დავალების ჩაწერა/მონტაჟი) ანაზღაურება ერთ საათში 40.25 ლარია;
- ოპერატორი 4 საათში მიიღებს 36.6 ლარს;
- ექსპერიმენტული ტურის სპეციალისტის (ფიზიკა, ქიმია) დღიური ანაზღაურება შეადგენს 92.25 ლარს.
