ქარელში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ა.მ. და 2000 წელს დაბადებული გ.ქ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, გ.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სტუმრობის დროს, ბრალდებულები მასპინძლის კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
ფაქტი სახლის მეპატრონემ მაშინვე შენიშნა და თანხის დაბრუნება მოითხოვა, რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროს გ.მ.-მა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ზარის განხორციელება სცადა, თუმცა ბრალდებულებმა მას მობილური ტელეფონი გასტაცეს და თანხასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.