განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებული თბილისში შეაჩერეს. პოლიციის დანახვისთანავე ზ.კ. ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით განზრახ დაეჯახა პოლიციელების ავტომობილს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „ალფა პვპ“-ს შემცველი სითხე.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading