შემოსავლების სამსახური: „სარფში“ 145 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ძვირფასი ქვების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით – საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვების, მათ შორის ბრილიანტების, უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
უწყების ცნობით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ზომის ბრილიანტის ქვები, რომელთა საერთო წონა 31.97 გრამს შეადგენს. ნივთების სავარაუდო საბაზრო ღირებულება 145,503.62 ლარია.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ძვირფასი ქვების საერთო რაოდენობამ 31,000 მილიგრამს გადააჭარბა. საქმეზე შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.