შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა – შსს მეტეხის ინციდენტზე დეტალებს ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას აწვდის დამატებით ინფორმაციას მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკებისას, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში დასაქმებულ ქალს გამოესარჩლნენ, დაპირისპირება ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების უმრავლესობა და მათ მიმართ უკვე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
შსს საზოგადოებას გამოძიების პროგრესის შესახებ დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.