საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია: “ეკლესია არ შეიძლება პოლიტიკური მხარე იყოს – ვემიჯნებით რადიკალურ მოწოდებებს”
არჩევნების პერიოდში საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა არცთუ იშვიათად ეკლესიის სახელით არასწორი ინტერპრეტაციების მიზეზი ხდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მორიგად აფიქსირებს მკაფიო პოზიციას – სასულიერო პირების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში მიუღებელია.
“არჩევნებს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, ხშირად თან სდევს დაძაბული ფონი. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხშირია მცდელობა, ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც იქნენ ჩართულნი, რაც არასწორია,” – ნათქვამია ეკლესიის პოზიციაში.
მათივე განმარტებით, ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა და არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკურ დაპირისპირებებში.
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ შეიძლება წარმოჩინდეს როგორც რომელიმე პოლიტიკური მხარე. იგი ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი. ვემიჯნებით რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რომლებიც საზოგადოებრივ დაპირისპირებას უწყობს ხელს,” – აცხადებენ საპატრიარქოში.
ეკლესია ასევე ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა გამოხატონ მშვიდობიანად და დემოკრატიულად:
“არჩევნები ტარდება იმისთვის, რომ ხალხმა თავისი ნება გამოხატოს. ვუსურვებთ ჩვენს ერს მშვიდობას. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო.”