თბილისში საპროტესტო აქციის ორგანიზატორები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

როგორც უწყების მიერ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.

დარახველიძის განმარტებით, აღნიშნული დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს ორგანიზატორების მხრიდან გაჟღერდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. მსგავსი განცხადებები საჯაროდ ისმოდა 4 ოქტომბრამდეც,“ – აღნიშნა დარახველიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდა, შეკრება ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

„თუმცა, ძალადობრივი მოწოდებების შემდეგ, აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები დააზიანა და სასახლის დაკავება სცადა,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

  • 317-ე მუხლი – კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება;
  • 222-ე მუხლი – სახელმწიფო შენობებზე თავდასხმა;
  • 225-ე მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;
  • 187-ე მუხლი – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ გამოძიება გრძელდება და საზოგადოებას დამატებით დეტალებს ეტაპობრივად მიაწვდიან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading