სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმეზე დაკავებულებს დღეს ბრალს წარუდგენენ
სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე დაკავებულ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს დღეს საქართველოს პროკურატურა ოფიციალურად წარუდგენს ბრალს. ამის შემდეგ სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ ჯებირების დაზიანების გზით ტერიტორიაზე შეაღწიეს და შენობაში შეჭრას შეეცადნენ. სამართალდამცველებმა ტერიტორია მალევე გაათავისუფლეს და მონაწილეები ადგილზე დააკავეს.
დაკავებულ პირებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედებათ ბრალი, მათ შორის:
- 317-ე მუხლი – კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდება;
- 222-ე მუხლი – სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა;
- 225-ე მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;
- 187-ე მუხლი – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.
დანაშაულები 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა აცხადებენ, რომ გამოძიება აქტიურად გრძელდება და საზოგადოება დამატებით დეტალებს ეტაპობრივად მიიღებს.