მეტეხის ხიდთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ინციდენტი 3 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება მოქალაქეებს შორის კონფლიქტის შესახებ. სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე.
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ კონფლიქტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მეტეხის ტაძრის სასულიერო პირებს შორის დაიწყო, რასაც ადგილზე მყოფი მოქალაქეები გამოეხმაურნენ და მათ ტაძრის მსახურები დაუჭირეს მხარი. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შსს-ს ცნობით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა, მათ შორის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ასევე მოქალაქეებმა.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია რამდენიმე მონაწილე, მიმდინარეობს მათი გამოკითხვა.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ,“ – აცხადებენ უწყებაში.