ქვეშეთი–კობის გზაზე ტრაგედია – ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ 5 მუშა მოყვა, 4 დაიღუპა
ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობაზე, სოფელ წკერესთან, სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი მოყვა ნანგრევ ქვეშ. ისინი თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები არიან.
საგანგებო სამსახურებმა ადგილზე 4 მუშის ცხედარი იპოვეს, ერთი დაშავებული კი ჯერ გუდაურის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდეგ კი – თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. ექიმების თქმით, 37 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი მდგომარეობა სიფრთხილეს საჭიროებს და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ინციდენტი სავარაუდოდ საყრდენი კედლის მშენებლობისას მიწის მასის მოულოდნელმა ჩამოშლამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.
დეპარტამენტი კონტრაქტორ კომპანიებს უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას სთხოვს და პასუხისმგებლობას აკისრებს უსაფრთხოების წესების მკაცრ დაცვაზე.