უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ – მიგრაციის დეპარტამენტმა 9 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება განახორციელეს.
მიგრაციის დეპარტამენტმა კონკრეტულ ლოკაციებზე ჩაატარა სამიზნე შემოწმებები, რომელიც ეფუძნებოდა წინასწარ მოპოვებულ ოპერატიულ ინფორმაციას. ღონისძიების მიზანს საქართველოში იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.
,,საიმიგრაციო კონტროლის შედეგად, სამართალდამცველებმა დააკავეს 9 პირი – ნიგერიის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, ყაზახეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არღვევდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ქვეყანაში უსაფუძვლოდ იმყოფებოდნენ.
ამჟამად დაკავებულები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები გაგრძელდება რეგულარულად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის იმიგრაციული კანონმდებლობის ეფექტიანი და გამკაცრებული აღსრულება.