ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით იორდანიის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების – მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ფაქტზე იორდანიის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული მ.დ. დააკავა.
სამართალდამცველებმა დაკავება ჩაატარეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
,,უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარდა არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის იყო საკონტროლო შესყიდვები, რომლებზეც განხორციელდა აუდიო-ვიდეო ფიქსაცია. დადგინდა, რომ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე სისტემატურად ეწეოდა მარიხუანას რეალიზაციას.
სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან რამდენჯერმე მოახდინეს ნარკოტიკული საშუალების შეძენა, რის შემდეგაც განხორციელდა მისი დაკავება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”– ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ინტენსიური ოპერაციები აქტიურად გაგრძელდება.