თბილისში ყაჩაღური თავდასხმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე – ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით– თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქეები, 1981 წელს დაბადებული რ.ბ. და 1975 წელს დაბადებული ა.ჩ. – ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დაკავება ცხელ კვალზე განხორციელდა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
,,გამოძიების მონაცემებით, რ.ბ. თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ავტომობილში მყოფ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს – 2000 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს და მ.ა.-ს. თავდამსხმელმა მათ მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლა, რის შემდეგაც მიითვისა ფულადი თანხა და მ.ა.-ს დროებით სარგებლობაში არსებული ავტომობილი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი დაზარალებული – მ.ა. ცეცხლნასროლი ჭრილობით ქვედა კიდურის არეში კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაული წინასწარ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული დაკავებული ა.ჩ.-ის მიერ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი და დაკავებულია ავტომობილიც. ორივე ბრალდებულს წაყენებული აქვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს და აცხადებს, რომ საზოგადოება დროულად მიიღებს ინფორმაციას მიმდინარე პროცესებისა და შედეგების შესახებ