სუს-მა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4.1 მილიონზე მეტი ლარის თაღლითურად მითვისების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და პროკურატურის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების საქმეზე შპს “B.P. TRANS”-ის დირექტორი ვ.კ., კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ., და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრამდე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზისა და ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირდამცავი სამუშაოების შესრულებისას, თაღლითურად დაეუფლნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას.
მიმალვაშია კომპანიის ყოფილი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბ.პ., რომლის მიმართ დამატებით გამოცხადდება ძებნა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) და 25,180-ე მუხლით (თანამონაწილეობა), რაც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება დანაშაულში სხვა მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით.
👉 უწყება მოუწოდებს ყველა პირს, ვისაც კავშირი ჰქონდა კორუფციულ გარიგებებთან, ითანამშრომლონ გამოძიებასთან – რაც მათთვის კანონის ფარგლებში სერიოზულ შეღავათს წარმოადგენს.
📌 სუს-ის განმარტებით, სამსახური განაგრძობს აქტიურ და სისტემურ ბრძოლას კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ.