სურსათის უვნებლობის მიმართულებით ყველაზე ხშირი დარღვევები და მათი პრევენცია – სააგენტო ბიზნესოპერატორებს რეკომენდაციებს აძლევს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 2025 წელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან დაახლოებით 40 000 სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს, რის შედეგადაც 4050-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე ხშირი დარღვევებია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობა, სურსათის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაცია.
სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ მსგავსი დარღვევების პრევენცია შესაძლებელია და მათი შემცირება ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას.
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად განაახლონ რეგისტრაცია, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ აღიარება, მკაცრად დაიცვან ეტიკეტირების და მიკვლევადობის მოთხოვნები, ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ვადებს და არ დაუშვან ვადაგასული სურსათის გამოყენება ან რეალიზაცია.