სურამის შემოვლითი გზა ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სურამის შემოვლითი გზის გახსნა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს სტრატეგიული მიზნისკენ — საქართველოს გადაქცევას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად.

„ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს, გაზრდილ უსაფრთხოებას და სურამისა და მიმდებარე დასახლებების განტვირთვას სატრანზიტო მოძრაობისგან,“ — აღნიშნა მთავრობის მეთაურმა გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მასშტაბური საინჟინრო პროექტის ფარგლებში აშენდა 6.4 კილომეტრიანი გზა, რომელიც მოიცავს 11 ხიდს და 5 გვირაბს და სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების პირობებში უკვე აშენდა 298 კილომეტრზე მეტი მაგისტრალური გზა, მაშინ როცა 2012 წლამდე სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო. მისი განცხადებით, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე პროექტი და დაიწყება ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა, რაც მეზობელ სახელმწიფოებთან ჩქაროსნული მაგისტრალებით სრულ კავშირს უზრუნველყოფს.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პროექტის მრავალწლიან პარტნიორს — მსოფლიო ბანკს, ასევე თითოეულ ინჟინერს, სპეციალისტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდა პრაისმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading