სპეცოპერაცია სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში – სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი დააკავეს
თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების განცხადებით, სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლის ხმა გაისმა, რასაც გადაუდებელი რეაგირება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში შესულ შეტყობინებაზე მყისიერად მოახდინეს რეაგირება და ადგილზე სპეცრაზმი, პოლიცია და სამაშველო ჯგუფები მობილიზდნენ.
როგორც ჟურნალისტებს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა, ნომერში მყოფი პირი თავდაპირველად სასტუმროს თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
👉 ვაჟა სირაძე:
„ნომერში მოხდა ღონისძიების ჩატარება და აღნიშნული პიროვნება დაკავებულია. სასტუმროს პერსონალისა და მოწმეების ინფორმაციით, გაიგეს სავარაუდოდ გასროლის ხმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და დაზუსტებით ვერ ვიტყვით, არის თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული.“
მისივე თქმით, დაკავებული პირი ნომერში მარტო იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს.
🔜 დამატებითი ინფორმაცია და დეტალები გახდება ცნობილი გამოძიების მსვლელობასთან ერთად.