სპეციალური პენიტენციური სამსახური ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციური უწოდა და განმარტა, რომ კანონმდებლობა მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან გათავისუფლების კონკრეტულ დროსთან შეთანხმებას არ ითვალისწინებს.
უწყების განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს, დაახლოებით 08:30 საათზე, პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების დღის განრიგის სრული დაცვით გათავისუფლდა. გათავისუფლებისას მას დაუბრუნდა პირადი ნივთები და საკუთარი ტანსაცმელი.
პენიტენციური სამსახური უარყოფს ჯაფარიძის განცხადებას, თითქოს მას გათავისუფლების კონკრეტული დრო წინასწარ ეცნობა და აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავოს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც უწყების საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.