სარფის მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები არიან 1973 წელს დაბადებული ა.თ., 1976 წელს დაბადებული ნ.რ. და 1992 წელს დაბადებული მ.ლ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.